"ამერიკა მიიღებს გადაწყვეტილებას იმის მიხედვით, თუ როგორ ჩაივლის ეს არჩევნები" "ამერიკა მიიღებს გადაწყვეტილებას იმის მიხედვით, თუ როგორ ჩაივლის ეს არჩევნები" /> "/> " />


  12:15:54     02-09-2024

"ამერიკა მიიღებს გადაწყვეტილებას იმის მიხედვით, თუ როგორ ჩაივლის ეს არჩევნები"

17252650451.jpg

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწის დენიელ ფრიდის თქმით, სამომავლო ნაბიჯებზე და შესაძლო სანქციებთან დაკავშირებით ამერიკა გადაწყვეტილებას იმის მიხედვით მიიღებს, თუ როგორ ჩაივლის საქართველოში არჩევნები. ამის შესახებ დენიელ ფრიდმა "თბილისი რუმსში" განაცხადა, სადაც მაკკეინის ინსტიტუტი, ჯორჯ ბუშის ინსტიტუტი და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC) თბილისის მე-8 საერთაშორისო კონფერენციას, სახელწოდებით "გარდამტეხი წელი" მასპინძლობენ.

"საქართველოში არის გადამწყვეტი არჩევნები და ასეთივე არჩევნებია აშშ-ში. რაც შეეხება საქართველოს, მე არ მესმის და ვერავინ ვერასდროს ამიხსნა, როგორ უნდა უზრუნველყოს საქართველოს სუვერენიტეტი და სიძლიერე კანონმა უცხოეთის აგენტების შესახებ.

საქართველოს სუვერენიტეტი დამოკიდებულია ცოცხალ, აქტიურ სამოქალაქო საზოგადოებაზე, რადგან ქართველი ხალხის სიძლიერეა ის, რაც საქართველოს დამოუკიდებლობას უნარჩუნებს. რუსეთი იწყებს ომებს, რათა აღადგინოს რუსული იმპერია და რატომ უნდა იყოს საქართველოს ინტერესებში პოლიტიკურ პარტიებზე შეტევა და მათი გაუქმება? ეს არის შეკითხვა, რომელიც მე მაწუხებს და ვერავინ გამცა პასუხი.

"ქართულმა ოცნებამ" მოიგო არჩევნები, მან დაამარცხა "ნაციონალური მოძრაობა" და ამისთვის არ გამხდარა საჭირო პოლიტიკური პარტიების გაუქმება ან უცხოური აგენტების შესახებ კანონი. ასე რომ, თუ ისინი მოიგებენ, მოიგონ, მაგრამ ეს კანონი ჩანს, როგორც გაყალბების საშუალება. მე არა მგონია, რომ ეს ქართველმა ხალხმა მოიწონოს. მე ამერიკელი ვარ, ვერაფერს გადავწყვეტ და არც ხმას ვაძლევ არჩევნებში აქ, მაგრამ ჩემი მოსაზრებაა, რომ საქართველოს სიძლიერე დამოკიდებულია დემოკრატიაზე. ამერიკელებს არ უნდათ, რომ საქართველომ დაკარგოს თავისი დემოკრატია, გახდეს კიდევ ერთი ავტორიტარიზმი და საბოლოოდ დამორჩილდეს მოსკოვის ძალაუფლებას.

ამერიკის შეერთებული შტატები ხშირად უშვებს შეცდომებს, მაგრამ ჩვენ არ მოგვიხდენია საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია, ჩვენ არ გამოგვიცხადებია ბოიკოტი საქართველოს პროდუქციისთვის და არც გორი დაგვიბომბავს. ეს მოსკოვმა გააკეთა და ქართველებმა ეს ამერიკელების გარეშეც მშვენივრად იციან. ამიტომ, რომელი ქვეყანა წარმოადგენს საფრთხეს საქართველოს სუვერენიტეტისთვის, ის, რომელიც მას ეხმარება, თუ ის, რომელმაც მისი ტერიტორიების ოკუპაცია მოახდინა?

მე ხშირად მესმის "ქართული ოცნების" წევრებისგან საუბარი გლობალური ომის პარტიის შესახებ. ვინ დაიწყო ომები საქართველოში? ვინ დაიწყო ომი უკრაინაში? რა მიზეზიც არ უნდა ჰქონოდა რუსეთს, უკრაინა არ შეჭრილა რუსეთის ტერიტორიაზე. ასე რომ, ომის პარტია არის პუტინი და სწორედ მას მიაჩნია, რომ ომი არის მისი იმპერიის აღდგენის საშუალება. ქართველები ხშირად ამბობენ, რომ ევროპული მომავალი სურთ, მაგრამ საქართველოს დასუსტება, მისი დემოკრატიის დასუსტება არ მიიყვანს ამ ქვეყანას ევროპული მომავლისკენ, არამედ მიიყვანს რუსული მმართველობისკენ.

აშშ და ევროპა ვერ უკარნახებენ საქართველოს, რა უნდა გააკეთოს მან. ჩვენი ბერკეტები შეზღუდულია. ზოგჯერ საუბარია სანქციებზე, მე კი არ მსიამოვნებს იმაზე ფიქრი, რომ ამდენწლიანი დახმარების შემდეგ ამერიკას მოუწევს, რომ საქართველოს სანქციები დაუწესოს. ამიტომ, ჩვენ ვუყურებთ მომავალ არჩევნებს. შესაძლოა, ქართულმა ოცნებამ თავისუფალ და სამართლიან არჩევნებში გაიმარჯვოს, შესაძლოა წააგოს და შესაძლოა გააყალბოს არჩევნები, ამიტომ, ამერიკა მიიღებს გადაწყვეტილებას იმის მიხედვით, თუ როგორ ჩაივლის ეს არჩევნები. საუკეთესო შედეგი იქნება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. სანქციების გზით წასვლა არავის სურს. ევროპას და ამერიკას აქვს საშუალებები, თუ ეს საჭირო გახდა, მაგრამ ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს საჭირო არ გახდება." - განაცხადა დენიელ ფრიდმა.


ავტორი: presa.ge